მიხეილ შენგელია

M.Shengelia.1.0001

‘’ ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის.’’
ვაჟა-ფშაველა

 

მიხეილ შენგელია იყო მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლვევის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის  ისტორიის  მუზეუმის დამაარსებელი და დირექტორი.

იგი დაიბადა 1915 წლის 25 დეკემბერს. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, განაწილებით დაიწყო მუშაობა სომხეთში ექიმ-ოფთალმოლოგად. 1941 წლიდან, როგორც მოხალისე, მოაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც რამდენიმეჯერ დაიჭრა და დემობილიზებული იქნა. 1943 წლიდან სხვადასხვა დროს იყო საქართველოში არსებული ევაკოჰოსპიტლების ექიმი–ოფთალმოლოგი, ქირურგი, განყოფილების გამგე, ჰოსპიტალის უფროსის მოადგილე. ომის შემდგომ წლებში აქტიურად მოღვაწეობდა ოფთალმოლოგიაში. 1946–1954 წლებში ქ.ცხაკაიას საავადმყოფო–პოლიკლინიკის თვალის სნეულებათა კაბინეტის გამგე, ხოლო 1954–1956 წლებში საქართველოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული კლინიკის ნეირო-ოფთალმოლოგი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. 1956- 1974 წლებში ს. ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ქართული მედიცინის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელია.
ფართოა პროფესორ მ.შენგელიას საზოგადოებრივი მოღვაწეობის სპექტრი. ყველაზე დიდი და ფუნდამენტური, რაც მან დაუტოვა შთამომავლობას როგორც საზოგადო მოღვაწემ და მეცნიერმა, არის ქართული მედიცინის ისტორიისა და სამედიცინო ეთნოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება (1956 წელი); ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც 1963 წელს, ჯერ საზოგადოებრივ საწყისებზე, ხოლო შემდეგ სახელმწიფო დაფინანსებით ფუნქციონირებდა 1967 წლიდან. იგი იყო ამავე მუზეუმის დირექტორი 1967-1999წლებში. მუზუმი მიხეილ შენგელაიას ინიციატივით და გამოჩენილი ქართველი მედიკოსების კ.ერისთავის, ვლ.ჟღენტის, გ.მარუაშვილი, პ.ქავთარაძის აქტიური მხარდაჭერით დაარსდა.

1960 წლიდან მიხეილ შენგელიამ პირველმა განაახლა და 3 ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწყობდა ექსპედიციებს საქართველოს რაიონებში ხალხური მედიცინის, სამედიცინო ეთნოგრაფიისა და ფოლკლირული მასალების შესწავლის მიზნით; შეგროვილი მასალები საფუძვლად დაედო საქართველოს სამედიცინო გეოგრაფიული ატლასის შექმნას. მან პირველმა მოიყვანა სისტემაში მთელი ქართული მედიცინის 50-ზე მეტ საუკუნოვანი ისტორია; პირველმა შეისწავლა შუასაუკუნოვანი გენიალური სამედიცინო ლიტერატურული ძეგლი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის `სამკურნალო წიგნი – კარაბადინი” და საფუძვლიანი მეცნიერული კომენტარებითა და დასკვნებით რამდენჯერმე მიაწოდა მკითხველს ეს წიგნი და მისი ავტორის საინტერესო ვრცელი ბიოგრაფია (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე); მის მიერ 1960 წელს დაცული სადოქტორო დისერტაცია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მოღვაწეობას ეხებოდა, რომლის პიროვნების და სამედიცინო მემკვიდრეობის, შესწავლასა და პოპულარიზაციაში მ.შენგელიამ დიდი წვლილი შეიტანა.
მისი ინიციატივთა და ხელმძღვანელობით სრულფასოვნად იქნა გამჟღავნებული, აღწერილი და შესწავლილი ქართული მედიცინის თითქმის ყველა ხელნაწერი 450-ზე მეტი, რომლის პირველი ტომი მის სიცოცხლეშივე გამოვიდა.

ხშირად, თავის გამოსვლებში, თეორიულადაც გამოხატავდა პედაგოგის პრინციპებს – მოხსენებებში თუ სტატიებში. ერთ ასეთ სტატიაში იგი თავგამოდებით იცავდა სტუდენტთა მომავალ ექიმებად ჩამოყალიბების საქმეში მედიცინის ისტორიის როლის განსაზღვრის შესახებ აზრს. 1974 წლიდან, მას შემდეგ, რაც მ.შენგელიამ ჩაიბარა მედიცინის ისტორიის კათედრა, დაიწყო კიდეც ცხოვრებაში ახალი, პედაგოგიური მოღვაწეობის ეტაპი. მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა სასწავლო პროცესში სხვა ქვეყნების მედიცინის ისტორიის პროგრამის შემცირების ხარჯზე გაზარდა ქართული მედიცინის ისტორიის საათების რაოდენობა. მოითხოვდა საგნის სწავლების მკვეთრ გაუმჯობესებას როგორც კავშირის, ისე საქართველოს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში.
1979 წლიდან 1991 წლამდე იყო საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის და მედიცინის ისტორიკოსთა სექციის თავმჯდომარე და საპრობლემო კომისიის წევრი, ბულგარეთის მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი, მედიცინის ისტორიკოსთა მსოფლიო საზოგადოების წევრი, მედიცინის ისტორიკოსთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის წევრი.

1953 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ნარკვევები ოფთალმოლოგიის ისტორიიდან საქართველოში“.

მ. შენგელიას სამეცნიერო ინტერესების სფეროში, გარდა წმინდა სამედიცინო–ისტორიული ასპექტებისა, შედიოდა ზოგადად საისტორიო–ჰუმანიტარული პრობლემატიკაც, მითოლოგიის საკითხები, ეთნოგრაფია, კულტუროლოგია და სხვა. ხშირად აქვეყნებდა პუბლიცისტური ხასიათის სტატიებს.
მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 2 სადოქტორო და 8 საკანდიდატო დისერტაცია, ავტორია 300–მდე სამეცნიერო ნაშრომს და 23 მონოგრაფიისა. მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული მედიცინის ისტორიკოსთა კონგრესებსა თუ სხვა სამეცნიერო ფორუმებში.
პირველად დისციპლინის ისტორიაში, 1970 და 1980 წლებში, მ.შენგელიას ავტორობით ორჯერ გამოიცა ქართული მედიცინის ისტორიის სახელმძღვანელო („ქართული მედიცინის ისტორია“) ქართულ ენაზე, ხოლო 1985 წელს – რუსულ ენაზე (მოსკოვში). 1988 წელს ასევე პირველად გამოიცა სახელმძღვანელო მსოფლიო მედიცინის ისტორიის შემსწავლელთათვის („მედიცინის ისტორია“).
მიღებული ჰქონდა ზაზა ციციშვილის სახელობის პრემია, პეტენკოფერის სახელობის პრემია. დაჯილდოვებული იყო ორდენებით და მედლებით.
გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

ბლოგისთვის  სტატია  მოამზადა ნინო  ბარნოვმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s