ქრისტიანობა: გარდატეხა სამედიცინო_ბიოლოგიურ მსოფლმხედველობასა და ეთიკაში

10ketrovani

 
თეზა მედიცინისა და კაცობრიობის ასაკობრივი თანხვედრის შესახებ ყოველთვის არ არის გაზიარებული. ძველი აღთქმის მიხედვით კაცობრიობის გაჩენის პირველ ეტაპზე არ იყო ავადმყოფობა, `არც ურვა და წუხილი~. სნეულებები ჩნდება ადამიანთა მოდგმის არასწორი (`არაჯანსაღი~) ცხოვრების წესის, ცოდვათა მომრავლების პირდაპირი შედეგის _ ღვთის სასჯელის სახით. პირველივე ცნობები მედიცინის შესახებ იმდენად სისტემური და მოწესრიგებულია, რომ ეჭვი ჩნდება მეცნიერებაში უპირატესად გაბატონებული აზრის, _ ამ ცოდნის ემპირიული წარმოშობის _ შესახებ.

ქრისტიანული მედიცინა მრავალწახნაგა და ამავე დროს ორსახოვანია. მის მრავალწახნაგოვნებას განსაზღვრავს მთელი მსოფლიოს გეოგრაფიულ არეალში წარმოშობილი სხვადასხვა სახის ეთნომედიცინა (ჩინური, ინდური, მესოპოტამიური, მედიტერანული, ამერიკისა და აფრიკის აბორიგენული და სხვ.). ორსახოვნება განპირობებულია მისი რაციონალურ_ირაციონალური ბუნებით. თუმცა ეს მომენტი პირობითად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სულ უფრო ძნელი ხდება ზღვარდება რაციონალურსა და ირაციონალურს შორის. მითუმეტეს, თუ ამოსავალ წერტილად მკურნალობის საბოლოო შედეგს ავიღებთ.

ძირითადი მახასიათებელი ქრისტიანობამდელი მედიცინისა გახლავთ უმეტესად პოლითეისტურ რელიგიაზე დამყარებული სამედიცინო_სააზროვნო სისტემები, სადაც ძირითადი ადგილი ეჭირა ადამიანური სისუსტეებით (შური, ღვარძლი, შურისძიება, მრისხანება, ანგარება) `დახუნძლულ~ ღმერთებს. ისინი განაგებდნენ დაავადებათა გამომწვევ არსებებს (მაგ. `ბაბარი~ ქართულ და შუმერულ მითოსსა და ფოლკლორში). ამ ბოროტ ძალებს მონურად დამორჩილებული ადამიანი თავდახრილი ევედრება სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამოკიდებულებაც ავადმყოფის მიმართ ცალსახაა: გადასარჩენი გადარჩება, ხოლო სხვათათვის ხიფათის მომტანი განწირულია. არ ჩანს სურვილი თანალმობისა, ავადმყოფისთვის თავგანწირვისა და ა.შ. ერთი სიტყვით, არ არის სიყვარული აყვანილი უზენაეს რანგში.

ქრისტიანობის შემოსვლა უაღრესად რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა კაცობრიობისათვის. რელიგიას, რომელსაც მოჰქონდა სჯული და კანონი მართალი მოსესი, განსხივოსნებული ქრისტესეული მადლითა და სიყვარულით, უჭირდა საუკუნეებით გაუხეშებულ სულებში შეღწევა. მაგრამ, ეს გარდაუვალი იყო და ეს, _ მოხდა.

ქრისტიანობამ მოიტანა სრულიად ახალი დამოკიდებულება ადამიანებს შორის და რაც მთავარია, მოიტანა ახლებური დამოკიდებულება თვით ღვთის მიმართ. ქრისტიანობით მადლცხებულმა თავდახრილმა კათაკმეველმა თავი ასწია და სიწმინდეს, სიმშვენიერეს, ნათელს გაუსწორა თვალი. ის აღარ არის ბოროტი ძალების მავედრებელი, არარაობად ქცეული არსება. ის, _ ადამიანია, რომელიც ხატად თვისად შექმნა თვით მაცხოვარმა და სიმართლის, განწმენდის,სიყვარულის გზას გაუყენა.

ბოროტი ”ბაბარი”    წმ. ბარბარეთი  შეიცვალა, რომელიც მოწყალეა და სიყვარულს, რწმენას ითხოვს სიყვარულისა და მოწყალების წილ: ის ადამიანების ჯანმრთელობის მავედრებელია ღვთის წინაშე.

გაჩნდა არამარტო მოყვასის, არამედ მტრის სიყვარულის მცნებაც. ადამიანი შეიქნა თანალმობის, გულმოწყალების ობიექტი. თვით უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, რომლის სასწაულების დიდი ნაწილი სწორედ კურნებასთანაა დაკავშირებული, ხდება მანათობელი ქრისტიან წმიდა მამათა, უბრალო მღვდელმსახურთა თუ გულწრფელ ქრისტიანთათვის. წმიდა მამათა ცხოვრების გაცნობისას თვალშისაცემია მათი საექიმო მოღვაწეობა. ეკლესია_მონასტერი არ მოიძებნებოდა, სადაც სასნეულო თუ არა, სამედიცინო ცოდნით აღჭურვილი საეკლესიო პირი არ იქნებოდა. ავადმყოფის მოვლა, მისთვის თავდადება ცხოვრებისეული წესი გახდა ნამდვილი ქრისტიანისათვის.

ავტორი:  პროფესორი   რამაზ შენგელია

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s