არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული სამედიცინო დანიშნულების იარაღ-ჭურჭელი

PicMonkey Collage

 

ძველი ქართული მედიცინის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი სამედიცინო დანიშნულების იარაღები თუ წამლის მოსამზადებელი და შესანახი ჭურჭელი.

უძველესი პერიოდის (პალეოლითი, ენეოლითი) ასეთი ხასიათის მასალა საქართველოს ტერიტორიაზე არ მოგვეპოვება. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ობსიდიანის დანები შეიძლებოდა წარმატებით გამოეყენებინათ სადასტაქრო საქმიანობისთვისაც. ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან, უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ზოგიერთ იარაღ-ჭურჭელზე, რომ ისინი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ამ პერიოდის სამარხებში აღმოჩენილია სკალპელები (გ.ნარიმანაშვილი, რ.შენგელია), ნეშტრისებრი ბრინჯაოს დანები, ჩქიფები (პინცეტები), სისხლის გამოსაშვები იარაღები და სხვ. ამ საგნების შესწავლა საფუძველს იძლევა, ისინი სამედიცინო დანიშნულების, კერძოდ კი, ქირურგიულ პრაქტიკაში გამოყენებად იარაღებად მივიჩნიოთ.

პ. ფირფილაშვილმა შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები და გამოთქვა მოსაზრება, რომ ისინი შესაძლოა ყოფილიყო როგორც საოჯახო–სამეურნეო დანიშნულებისა, ასევე სადასტაქრო გამოყენებისათვის გამიზნული.

აღნიშნული პერიოდი – კლასიკური ბრინჯაო – კალანარევი ბრინჯაოს ეპოქაა, რომელიც დარიშხანიანი ბრინჯაოსაგან განსხვავებით მავნე მინარევებს არ შეიცავს. აქედან გამომდინარე შეიძლებოდა ზემოაღნიშნული იარაღების სადასტაქროდ გამოიყენება. ბრინჯაოს დანის გამოყენება ოპერაციების ჩასატარებლად შესაბამისი პერიოდის შუამდინარული და ეგვიპტური წერილობით წყაროებით და არქეოლოგიოური მასალითაც დასტურდება.  ძვლოვანი მასალის, კერძოდ ტრეპანირებული თავის ქალების შესწავლა გვიჩვენებს, რომ იმ პერიოდში ქირურგიული საქმიანობა საკამაოდ მაღალ დონეზე მდგარა. თავის ქალაზე გაკეთებული ხვრელის ფორმა, კიდეების სისადავე და მისი დამუშავების ნიშნები, შესაბამისად დახვეწილი სადასტაქრო იარაღების არსებობასაც გულისხმობს.

როგორც ეთნოგრაფიულ მასალაში ჩანს, ხევსური და სვანი სახალხო მკურნალები თავიანთ წარმატებულ სადასტაქრო საქმიანობას ადგილობრივი მჭედლების მიერ გაკეთებული რკინის იარაღებით ეწეოდნენ (მ.სენგელია, ნ.მინდაძე, რ.შენგელია).

მცხეთაში, სამთავროს სამაროვნის ზოგიერთ სამარხში მრავლადაა აღმოჩენილი მინის ჭურჭელი. ზოგი მათგანი ნელსაცხებლის, ზოგი კი წამლისათვის იყო განკუთვნილი. ყურადღებას იქცევს ასეთი ჭურჭლის დიდი რაოდენობა ზოგიერთ სამარხში. მედიცინის ისტორიის მკვლევართა აზრით, აღნიშნული სამარხი უნდა ეკუთვნოდეს ექიმს ან წამალმკეთებელს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს საქმიანობა პროფესიად იყო აღიარებული და განსაკუთრებული სოციალური დატვირთვა ჰქონდა.

წამლისათვის ცალკე ჭურჭლის არსებობის შესახებ ცნობას ჯერ კიდევ არგონავტების მითში ვხვდებით, საიდანაც ვიგებთ, რომ მედეა უკუნ ღამეში კასპიურ ნიჟარაში აგროვებდა პრომეთეს ბალახის წვენს. არქეოლოგიური გათხრების დროს II-I ათასწლეულის სამარხებში ნაპოვნია თიხისნაირგვარი ფორმისა და სიდიდის გველისგამოსახულებიანი ჭურჭელი და არაერთი ნიჟარა. ეს უკანასკნელი წამლის „გასალესად“ იხმარებოდა. ასევე ნაპოვნია შედარებით პატარა ზომის სანაყები, ორმაგძირიანი დოქები, საწურები და სხვა. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ქართველ სახალხო მკურნალებს ჰქონიათ წამლის დასამზადებელი (თიხის, თუჯის) და შესანახი (ხის, საქონლის რქის) ჭურჭელი, რომელთაც მხოლოდ აღნიშნული მიზნისათვის იყენებდნენ.

მცხეთაში აღმოჩენილია აგრეთვე, ძველი ქართული ხელის სასწორი და წვრილი საწონები, რომლებიც I-III საუკუნეებით თარიღდება; აგრეთვე, მინის კოლბა, სითხოვანი წამალი, ფორმების დოზატორი, ასევე I-III საუკუნეებისა, რაც აშკარად მიუთითებს განვითარებულ ფარმაცევტულ საქმიანობაზე.

ბლოგისთვის  სტატია  მოამზადა ანა სონგულიამ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s