ვარძიის აფთიაქი

 

ვარძიის  სამონასტრო კომპლექსი(ციხე-ქალაქი), საინტერესოა  უამრავი რამის გამო.  კომპლექსი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში მდებარობს. კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. მასში 600-ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით.

ვარძიის აგება მეფე გიორგი III-ის (1156-1184) სახელს უკავშირდება – მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრი და დამუშავება. მისი მეფობის დროს წყაროსთან უნდა გამოეკვეთათ კლდის პირველი „სახლები“, ეკლესიითურთ. მეფე გიორგი III-ის გარდაცვალების (1184) შემდეგ, მის დროს არსებული გეგმა, თამარ მეფის მითითებით, ნაწილობრივ შეიცვალა. მონასტერი   1185 წლის 15 აგვისტოს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წწ.)  იგი  დიდ  როლს თამაშობდა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ვარძიის გამოქვაბულთა განლაგებას, სამეცნირო ლიტერატურაში, სამ მონაკვეთად ყოფენ:
პირველი ცენტრალური ნაწილი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძრის სამხრეთი კედლის ორთაღიან სტოას და სამრეკლოს შორის ერთმანეთთან მჭიდროდ მოწყობილი გამოქვაბულების შედარებით მცირე ჯგუფს. აქ, სამრეკლოს ქვეშ, საწნახელიანი გამოქვაბულია, ხოლო სამრეკლოს მეზობლად, ერთი სართულით დაბლა – სატრაპეზო.

მეორე მონაკვეთს წარმოადგენს ტაძრის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით მდებარე,  უფრო ადრინდელი ხანის (X-XII სს.) ე.წ. კლდის სოფელი – ანანაური, სადაც შემორჩენილია მეტად საინტერესო, ორსართულიანი კლდის სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, X საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესია XVI საუკუნის კედლის მხატვრობით, სარწყავი არხის დიდი გვირაბი, 3,5 კმ სიგრძის ფრიალო კლდეში გამოკვეთილი გვირაბი წყალსადენისთვის და სხვა მნიშვნელოვანი სათავსები.

მესამე მონაკვეთი მოიცავს ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით, 150 მეტრის სიგრძეზე განლაგებულ გამოქვაბულებს და დაბლა ჩასასვლელ დიდ გვირაბს, რაც კარგადაა მოღწეული ჩვენამდე. აქვეა მოთავსებული ტაძარი სახიზნავითა და მისი გვირაბით, ე.წ. „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „სალხინო“ და ე.წ. „წამლის სახლ“ (აფთიაქი), მრავალი მარანი და რამდენიმე კარგად შენახული საცხოვრებელი გამოქვაბული.

ვარძიის კომპლექსში  ყურადღებას იპყრობს VI სართულზე მდებარე აფთიაქი (15-20 მ2 ფართობის ოთახი). მის კედლებში გამოჭრილია ერთი და იმავე სიდიდის 265 ნიშა ჰორიზონტალური ძირითა და ნახევარწრისებური თაღით. როგორც ჩანს, თითოეული ნიშა განკუთვნილი იყო თითო სამკურნალო საშუალებისათვის. უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთ დიდ აფთიაქთან ერთად ვარძიაში საავადმყოფოც უნდა ყოფილიყო. ამ აზრს აძლიერებს ვარძიაში  და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლე ბერებისა და დამხმარე პერსონალის სავარაუდოდ დიდი (ათასობით) რაოდენობა.
საინტერესოა ამ დროის სააფთიაქო ჭურჭლის მრავალფეროვნება, რაც კარგად ჩანს ამ ეპოქის არქეოლოგიურ მასალაში. ესენია: ჯამები, ნაირგვარი ფორმის ჭიქები, წამლის სალესი მცირე ფორმის ფიალები, ორმაგძირიანი კერამიკის ჭურჭლები, გველის გამოსახულებიანი კოჭობები (თიხის ქოთანი), სხვადასხვა საწურები,  თანგირები (სპილენძის ქვაბი), ნედლეულის სანაყი – როდინები, სხვასახვა ზომის სასწორები და სხვ. არსებობდა წამლის ფორმებიც ნაირსახეობაც: აბი, ფხვნილები, სალბუნი (მალამო), ყურსი (ტაბლეტი), მაჯუნი (სხვადასხვა სახის ნარევი რთული წამლის ფორმა), თრიაყი (ანტიდოტი  მოწამვლის დროს), მათბუხი (გამზადებული ნახარში) და ა.შ.

ვარძიის ციხე-ქალაქის კომპლექსის გარდა, უდავოდ სხვაგანაც არსებობდა აფთიაქი. ზედა ვარძიის გამოქვაბულშიც, რომელიც მტკვრის ხეობაში, ერუშეთის მთებშია და ვარძიის ძირითადი კომპლექსისგან 3 კილომეტრითაა დაშორებული, არის ვარძიის წამლის სასახლის მსგავსი სამოთახიანი წამლის სახლი, სადაც 30-მდე თახჩაა შემორჩენილი. იგი აშენებულია 1042-1058 წლებში ლიპარიტ II ბაღვაშის დროს.

ვანისქვაბის მონასტრის წესდება-ტიპიკონი დღემდე შემოგვრჩა „ვაჰანის ქვაბთა განგების“ სახელწოდებით, რომელიც XIII საუკუნის შუა წლებშია შედგენილი თმოგველების მიერ. ამ ტიპიკონით ირკვევა, რომ ვანისქვაბში იყო სასნეულო, რომლის წესდება ითვალისწინებდა მესნეულის თანამდებობას, დღეში სამჯერ სნეულთა შემოვლას და მათ „უშურველ“ უზრუნველყოფას კვებითა და სხვა ყოველგვარი საჭიროებით.
თუ ვანისქვაბის მონასტერს (ვარძიასთან შედარებით მცირე სავანეს) თავის სტრუქტურაში გათვალისწინებული ჰქონდა სასნეულო, თუნდაც მხოლოდ მონაზონთათვის, ცხადია, ვარძიას აუცილებლად ექნებოდა უფრო მასშტაბური საავადმყოფო, რასაც მის კომპლექსში აფთიაქის არსებობაც ადასტურებს. ვანისქვაბის ტიპიკონის ზემოაღნიშნული მუხლი მეტად საინტერესოა იმითაც, რომ მასში ხაზგასმულია ავადმყოფთა მოვლის პროცესი – შემოვლა დღეში სამჯერ. ამ ეპოქის სხვა სამედიცინო ძეგლსა ან ისტორიულ წყაროებში ეს წესი არ გვხვდება.

მოგვიანებით, დიდი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, ზაზა ფანასკერტელი–ციციშვილის მამულშიც შეინიშნება მსგავსი სააფთიაქო სათავსის არსებობა, რაც ყველაფერ ამას ტრადიციის იერსა და სტატუსს ანიჭებს.

ბლოგისთვის  სტატია  მოამზადა ნინო ბარნოვმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s